სხეულის ტკივილები და სახსრების შებოჭილობა
კუნთებისა და სახსრების ტკივილი, შებოჭილობა და შაკიკი პერიმენოპაუზაში: რა იწვევს მათ და რას უნდა ველოდოთ.
რა არის ეს?
პერიმენოპაუზაში ზოგი ქალი ამჩნევს, რომ სხეულის ტკივილები და სახსრების შებოჭილობა მოემატა. ტკივილი შეიძლება მსუბუქი და უბრალოდ შემაწუხებელი იყოს, ან შეიძლება სერიოზულად ზღუდავდეს ყოველდღიურ ცხოვრებას.
მიზეზი შეიძლება იყოს კუნთების დაჭიმულობა, ფიზიკური გადატვირთვა და მისგან მიღებული დაზიანება, ასევე კონკრეტული დაავადებები, მაგალითად, ართრიტი ან ფიბრომიალგია.
ზოგ ქალს პერიმენოპაუზაში შაკიკის (მიგრენის) შეტევები უხშირდება. პოსტმენოპაუზაში შაკიკი, როგორც წესი, იშვიათდება. თუ თავის ტკივილი ახლად დაგეწყოთ ან გაგიხშირდათ, უთხარით ექიმს.
ტკივილი ქრონიკულად ითვლება, თუ 12 კვირაზე მეტხანს გრძელდება.
რა ხდება ორგანიზმში?
ესტროგენი ანთების შემცირებას უწყობს ხელს. როცა მისი დონე ეცემა, სახსრების ანთებისა და ართრიტის ჩაცხრობას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. ესტროგენის მერყეობა შაკიკის ალბათობაზეც მოქმედებს. ტკივილის შეგრძნებას ძილის დარღვევაც აძლიერებს. ტკივილების ნაწილი კი უბრალოდ ასაკს უკავშირდება.
რას უნდა ველოდოთ?
ერთ-ერთ კვლევაში ტკივილებს რეპროდუქციული ცხოვრების ყველა ეტაპზე ქალების დაახლოებით ერთნაირი წილი უჩიოდა. ეს მიანიშნებს, რომ ტკივილები შეიძლება უშუალოდ პერიმენოპაუზით არ იყოს გამოწვეული.
მენოპაუზის შემდეგ ქრონიკულმა ტკივილმა შეიძლება მოიმატოს, როგორც მენოპაუზით გამოწვეული ცვლილებების, ისე დაბერების სხვა პროცესების გამო.
