მოგვწერეთ

შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა შუახნის ქალების თითქმის ნახევარს აწუხებს. გაიგეთ, რა ტიპები არსებობს და რა იწვევს მას.

რა არის ეს?

შარდის შეუკავებლობა შარდის უნებლიე გაჟონვაა, რამდენიმე წვეთიდან უფრო დიდ რაოდენობამდე. თუ ეს კვირაში ერთ-ორჯერ ან უფრო ხშირად გემართებათ, ღირს ამ გვერდის წაკითხვა და ექიმთან საუბარი.

შეუკავებლობა იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გგონიათ: შარდის გაჟონვა შუახნისა და პოსტმენოპაუზის ასაკის ქალების 44–57%-ს აქვს. ბევრი ქალი ამაზე საუბარს ერიდება, მაგრამ მარტო ნამდვილად არ ხართ.

არსებობს რამდენიმე ტიპი:

  • სტრესული შეუკავებლობა: შარდი ჟონავს სიცილის, ხველის, ცემინების, სირბილის, ვარჯიშის ან სიმძიმის აწევის დროს.
  • ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი: მოშარდვის ხშირი, უეცარი და ძნელად შესაკავებელი მოთხოვნილება. მისი ნიშანია ისიც, თუ ღამით მოსაშარდად ერთზე მეტჯერ გეღვიძებათ. ამ დროს შარდი შეიძლება არც ჟონავდეს.
  • იმპერატიული შეუკავებლობა: მოშარდვის უეცარი მოთხოვნილება, რომელსაც შარდის გაჟონვა მოჰყვება. ეს შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, როცა შარდის ბუშტი ახლახან დაცალეთ.

შეუკავებლობა ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს. ამ პრობლემის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ დეპრესია და ენერგიის ნაკლებობა. ზოგი გაჟონვის შიშით თავს არიდებს ადამიანებთან ურთიერთობასა და ფიზიკურ აქტივობას.

დახმარების ბევრი გზა არსებობს. არჩევანი პრობლემის მიზეზზეა დამოკიდებული.

რა ხდება ორგანიზმში?

შარდის ბუშტი კუნთოვანი ტომარაა, რომელშიც შარდი გროვდება. შარდსადენი (ურეთრა) კუნთოვანი მილია, რომლითაც შარდი ბუშტიდან გამოდის. მას გარს აკრავს კუნთების ჯგუფი, სფინქტერი. მოშარდვის დროს შარდის ბუშტის კუნთები იკუმშება, შარდსადენისა და სფინქტერის კუნთები კი დუნდება.

ასაკთან ერთად შარდსადენი მოკლდება, მისი ლორწოვანი თხელდება, შარდის ბუშტი ნაკლებად ელასტიკური ხდება, სფინქტერის შეკუმშვის უნარი კი სუსტდება. თუ მენჯის ფსკერის კუნთები სუსტია და სფინქტერს კარგად ვერ აკონტროლებს, შარდი ჟონავს.

სტრესული შეუკავებლობისას ხველის, ცემინების, ვარჯიშის ან სიცილის დროს მუცლის კუნთები შარდის ბუშტს აწვება. როცა მენჯის ფსკერის კუნთები და სფინქტერი ძლიერია, ისინი უნებლიეთ იკუმშება და გაჟონვას არ უშვებს. თუ ეს კუნთები სუსტია, შარდი ჟონავს. რისკფაქტორებია: ასაკი, ბუნებრივი მშობიარობა, ჭარბი წონა, მენჯის არეში გადატანილი ოპერაცია და მოწევა.

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის მიზეზი ბუშტის სპაზმებია, ანუ არანორმალურად ძლიერი შეკუმშვები. ისინი იწვევს განცდას, რომ „ახლავე“ უნდა მოშარდოთ, და მოშარდვის გახშირებას. 24 საათში 8-ზე მეტჯერ მოშარდვა გახშირებულად ითვლება. მთავარი რისკფაქტორები ასაკი და ჭარბი წონაა. მდგომარეობას ასევე ამძიმებს კოფეინი, ალკოჰოლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ზოგიერთი მედიკამენტი, მენჯის ფსკერის სუსტი კუნთები, ქრონიკული ყაბზობა და ნერვების დაზიანება.

იმპერატიული შეუკავებლობის დროს შარდის ბუშტის შეკუმშვა იმდენად ძლიერია, რომ სფინქტერის წინააღმდეგობას სძლევს. მიზეზი შეიძლება იყოს შარდის ბუშტის გაღიზიანება ან ნერვების დაზიანება ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს, როგორიცაა დიაბეტი ან პარკინსონის დაავადება.

პერიმენოპაუზისა და საშარდე გზების კავშირს მკვლევრები ჯერ კიდევ სწავლობენ. ესტროგენის შემცირება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, რადგან ქვედა საშარდე გზებში ესტროგენის რეცეპტორები ბევრია. მიუხედავად ამისა, დადგენილია, რომ ესტროგენის აბებმა შეიძლება შარდის სიმპტომები გააუარესოს.

რას უნდა ველოდოთ?

ქალებს შარდის შეუკავებლობა გაცილებით ხშირად აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ის უფრო ხშირად ორსულობის დროს, მშობიარობის შემდეგ ან პერიმენოპაუზაში იჩენს თავს.

მენჯის ფსკერის კუნთები მშობიარობის შემდეგაც სუსტდება და ასაკთან ერთადაც, ისევე როგორც სხვა კუნთები. ამგვარად, რისკფაქტორია როგორც ასაკი, ისე პერიმენოპაუზა. მეტი ქალი ამბობს, რომ შეუკავებლობა მენოპაუზის შემდეგ დაეწყო, ვიდრე მანამდე.

შეუკავებლობა შეიძლება სხვა მდგომარეობებმაც გამოიწვიოს: ხერხემლის ტრავმამ, ინსულტმა, დიაბეტმა, გაფანტულმა სკლეროზმა.

შარდის შეუკავებლობა და ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი თავისით არ გაივლის: ასაკთან ერთად, პირიქით, ძლიერდება. ამიტომ მკურნალობის გადადება არ ღირს.

ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია საგანმანათლებლო ხასიათისაა და ვერ ჩაანაცვლებს ექიმის კონსულტაციას. დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეთ ექიმთან ერთად.