მოგვწერეთ

„გონების ბურუსი“ და მეხსიერების პრობლემები

გულმავიწყობა, კონცენტრაციისა და სიტყვების მოძებნის გაძნელება მენოპაუზის პერიოდში: რამდენად ხშირია ეს და რატომ ხდება.

რა არის ეს?

გარდამავალ პერიოდში ბევრი ქალი ამჩნევს, რომ აზროვნება თითქოს ბურუსით დაიფარა, მეხსიერება კი ისეთი აღარ აქვს, როგორც ადრე. ზოგს კონცენტრაცია ან სათანადო სიტყვის მოძებნა უჭირს, ზოგს საქმეების ორგანიზება და ერთ საქმეზე ყურადღების შენარჩუნება. ამ დაკვირვებას კოგნიტური ტესტებიც ადასტურებს: გარდამავალ პერიოდში მეხსიერება მართლაც ოდნავ უარესდება.

ისევე როგორც სხეულის ტკივილებისა და შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში, აქაც ძნელია იმის გამიჯვნა, რა არის ბუნებრივი დაბერების შედეგი და რა მენოპაუზის. შუახნის ასაკში მეხსიერება, ინფორმაციის დამუშავების სისწრაფე და ყურადღება ისედაც ოდნავ ქვეითდება.

რა ხდება ორგანიზმში?

„ბურუსი“ რეალურია, მაგრამ მისი მიზეზები ჯერ კარგად არ არის შესწავლილი. შესაძლოა, აზროვნებაზე პერიმენოპაუზის დიდი ჰორმონული ცვლილებები მოქმედებდეს. კვლევები, რომლებიც ქალებს გარდამავალ პერიოდსა და პოსტმენოპაუზაში აკვირდებოდა, მეხსიერების მცირე გაუარესებას აჩვენებს, თუმცა ასაკისა და მენოპაუზის გავლენის ერთმანეთისგან გამიჯვნა ძნელია.

„გონების ბურუსი“ ქირურგიული მენოპაუზის შემდეგაც აღინიშნება.

რას უნდა ველოდოთ?

ერთ ძალიან დიდ კვლევაში გულმავიწყობას უჩიოდა პრემენოპაუზაში მყოფი ქალების 31%, პერიმენოპაუზის დასაწყისში მყოფთა 44% და პოსტმენოპაუზაში მყოფთა 41%. კარგი ამბავი ის არის, რომ დროთა განმავლობაში კოგნიტური ფუნქციები ისევ უმჯობესდებოდა.

კვლევების მიხედვით, „ბურუსს“ შეიძლება ამძაფრებდეს:

  • სტრესი (მაგალითად, უმუშევრობა, ფინანსური პრობლემები, მოზარდი შვილები, ხანდაზმული მშობლები, სამსახურის დატვირთვა, ურთიერთობის პრობლემები);
  • არანამკურნალევი მაღალი წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • მოწევა;
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.

ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია საგანმანათლებლო ხასიათისაა და ვერ ჩაანაცვლებს ექიმის კონსულტაციას. დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეთ ექიმთან ერთად.