მოგვწერეთ

გულის ფრიალი

გულისცემის შეგრძნება აშკარა მიზეზის გარეშე: რამდენად ხშირია ეს მენოპაუზის პერიოდში, რა იწვევს მას და როდის უნდა მიმართოთ ექიმს.

რა არის ეს?

ჩვეულებრივ, საკუთარ გულისცემას ვერ ვგრძნობთ. ვარჯიშის ან უეცარი შეშინების დროს გულის ძლიერი ცემა ნორმალურია. მაგრამ ზოგჯერ გულისცემას აშკარა მიზეზის გარეშე ვგრძნობთ: მკერდში, ყელში ან კისერში. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გულმა დარტყმა გამოტოვა, არარეგულარულად ცემს, ძლიერად ბაგუნებს ან ფრთხიალებს. ამ შეგრძნებებს გულის ფრიალი ეწოდება.

გულის ფრიალის შესახებ ბევრი კვლევა არსებობს, მაგრამ გარდამავალ პერიოდში ის ძალიან ნაკლებად არის შესწავლილი.

გულის ფრიალი ხშირია. ქალებს ის უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, და ასაკთან ერთად მატულობს. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მას უჩივის პერიმენოპაუზაში მყოფი ქალების 20–40% და პოსტმენოპაუზაში მყოფთა 16–54%. ის უფრო ხშირია ქირურგიული მენოპაუზის შემდეგ.

გულის ფრიალი უფრო ხშირად აწუხებთ ქალებს, რომლებსაც აქვთ სხეულის მასის მაღალი ინდექსი, უძილობა, დეპრესიის ნიშნები და ძლიერი სტრესი.

რა ხდება ორგანიზმში?

გულის ფრიალი შეიძლება სხვა სიმპტომებთან ერთად იგრძნოთ (მაგალითად, ალის დროს) ან ცალკე. მას გულის მუშაობის სხვადასხვა ცვლილება იწვევს. როგორც წესი, ეს ცვლილებები ხანმოკლეა და გული მალე ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

  • ალის დროს გული შეიძლება ჩვეულებრივზე ძლიერად ცემდეს: სითბოს გასაცემად სისხლძარღვები ფართოვდება, არტერიული წნევა ოდნავ ეცემა და გული მის ასაწევად უფრო ძლიერად მუშაობს.
  • გული შეიძლება ცოტა ხნით ჩვეულებრივზე სწრაფად ან ნელა ცემდეს.
  • შეიძლება გაჩნდეს „ნაადრევი“ ან „გამოტოვებული“ დარტყმები.

გულის ფრიალს ბევრი რამ იწვევს: ძლიერი სტრესი, კოფეინი, შოკოლადი, ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები, ზოგიერთი მედიკამენტი (მაგალითად, ხველისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებები). ის შეიძლება პანიკის შეტევის ან მაღალი სიცხის დროსაც გაჩნდეს.

რას უნდა ველოდოთ?

თუ გულის ფრიალი გაწუხებთ, უთხარით ექიმს. ის გაითვალისწინებს თქვენს ასაკს, გულის დაავადებების რისკფაქტორებსა და ქრონიკულ დაავადებებს. ექიმმა შეიძლება გკითხოთ:

  • გაისინჯეთ თუ არა პულსი გულის ფრიალის დროს? სწრაფი იყო, ნელი, რეგულარული თუ არარეგულარული? (პულსსა და რიტმის დარღვევას ზოგიერთი ჭკვიანი საათიც აღრიცხავს.)
  • გაქვთ თუ არა ამ დროს თავბრუსხვევა, ქოშინი ან ტკივილი?
  • რა იწვევს ფრიალს? რას აკეთებთ ან რა ხდება, როცა ის იწყება?

შეფასება შეიძლება დაკვირვებით შემოიფარგლოს ან გამოკვლევები გახდეს საჭირო:

  • ელექტროკარდიოგრამა (ეკგ): გულის ელექტრული აქტივობის ჩაწერა მოსვენებულ მდგომარეობაში, ხანმოკლე დროის განმავლობაში.
  • ჰოლტერის მონიტორი: მოწყობილობა, რომელსაც 24–48 საათი ატარებთ და რომელიც ეკგ-ს უწყვეტად იწერს.
  • ექოკარდიოგრაფია: გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც გულის კუნთის, სარქვლებისა და გულის მუშაობის შეფასების საშუალებას იძლევა.
  • სისხლის ანალიზები: გულის დაავადებების რისკის შესაფასებლად (ლიპიდები, შაქარი).

ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია საგანმანათლებლო ხასიათისაა და ვერ ჩაანაცვლებს ექიმის კონსულტაციას. დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეთ ექიმთან ერთად.