მშრალი თმა და კანი
როგორ და რატომ იცვლება კანი და თმა მენოპაუზის პერიოდში.
რა არის ეს?
თუ კანისა და თმის ცვლილება შეამჩნიეთ, მარტო არ ხართ. გარდამავალ პერიოდში და მის შემდეგ კანი თხელდება, შრება, ადვილად ულურჯდება, ჭრილობები კი უფრო ნელა ხორცდება. ჩნდება ნაოჭები, კანი დუნდება, ფორები შეიძლება გაფართოვდეს. ზოგ ქალს, მოზარდების მსგავსად, აკნე უჩნდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ მენოპაუზის ბრალი არ არის: წვლილი ბუნებრივ დაბერებასაც მიუძღვის.
მენოპაუზის შემდეგ თავზე თმაც თხელდება, თმის ხაზმა შეიძლება უკან დაიწიოს, სახეზე კი ცალკეული ბეწვები გაჩნდეს.
ეს ცვლილებები შეიძლება თვითშეფასებაზე აისახოს. გახსოვდეთ, რომ ასაკთან ერთად იმავე ცვლილებებს ყველა გავდივართ, ზოგს ისინი უბრალოდ უფრო ადრე ეტყობა. იზრუნეთ კანსა და თმაზე და ნუ შეადარებთ თავს უფრო ახალგაზრდა ქალებს, დამუშავებულ ფოტოებს ან საკუთარ თავს ახალგაზრდობაში: კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი არარეალისტური შედარება საკუთარი სხეულით კმაყოფილებასა და თვითშეფასებას აქვეითებს.
რა ხდება ორგანიზმში?
როცა ესტროგენის დონე ეცემა, კანი კარგავს კოლაგენს, ცილას, რომელიც მას სიმკვრივეს ანიჭებს. მენოპაუზის შემდეგ პირველ 5 წელიწადში კანის კოლაგენის დაახლოებით 30% იკარგება, შემდეგ კი წელიწადში დაახლოებით 2%. ჰორმონების მერყეობამ და შემცირებამ შეიძლება აკნე გამოიწვიოს, კანის შეხორცება კი შენელდეს.
თმის ღერი წვრილდება, ამიტომ თმა უფრო თხელი გვეჩვენება. გარდა ამისა, თმა ნაკლებ დროს ატარებს ზრდის ფაზაში და მეტს ცვენის ფაზაში, ამიტომ მისი რაოდენობაც იკლებს.
კანისა და თმის სიმშრალეზე ასევე მოქმედებს გენეტიკა, ანთება და გარემო თუ ცხოვრების წესი: მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, სტრესი, მოწევა, დაბინძურებული ჰაერი.
რას უნდა ველოდოთ?
გარდამავალი პერიოდის დაწყებასთან ერთად, ესტროგენის შემცირების გამო, კანი კოლაგენს კარგავს და თხელდება. ეს ცვლილებები ასაკთან ერთად გრძელდება. თმის გათხელებაც ხშირია.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ თმა ძლიერ გცვივათ ან კანზე უჩვეულო ცვლილებებს ამჩნევთ, მიმართეთ დერმატოლოგს.
