მოგვწერეთ

განწყობის ცვლილება, დეპრესია და შფოთვა

პერიმენოპაუზაში დეპრესიისა და შფოთვის რისკი იზრდება. გაიგეთ, რა ნიშნებს მიაქციოთ ყურადღება.

რა არის ეს?

პერიმენოპაუზაში ქალებს უფრო ხშირად აქვთ დაქვეითებული განწყობა, დეპრესია და შფოთვა. დროდადრო მოწყენა, ნერვიულობა ან ცუდ ხასიათზე ყოფნა ნორმალურია, მაგრამ დეპრესიამ შეიძლება ცხოვრება სერიოზულად გაგირთულოთ.

დეპრესიის ნიშნები

  • საყვარელი საქმიანობის მიმართ ინტერესის ან სიამოვნების დაკარგვა;
  • წონის კლება ან მატება;
  • ჩაძინების გაძნელება ან დღისით ძილიანობა;
  • მოუსვენრობა და აგზნება ან, პირიქით, ფიზიკური და გონებრივი შენელება;
  • დაღლილობა და უენერგიობა;
  • უსარგებლობის ან დანაშაულის განცდა;
  • კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების გაძნელება;
  • განცდა, რომ რაღაც ცუდი მოხდება;
  • უიმედობა;
  • ფიქრები თვითმკვლელობაზე;
  • საკუთარ თავზე ზრუნვის უუნარობა.

თუ ამ ნიშნებიდან ბევრი ორი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში გაქვთ, შესაძლოა დეპრესია გქონდეთ.

შფოთვის ნიშნები

  • ჭარბი ღელვა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გიშლით;
  • აგზნება და მოუსვენრობა;
  • დაღლილობა;
  • კონცენტრაციის გაძნელება;
  • გაღიზიანებადობა;
  • კუნთების დაჭიმულობა;
  • პანიკის შეტევები;
  • ძილის დარღვევა.

რა ხდება ორგანიზმში?

ბოლომდე ცნობილი არ არის, რატომ იზრდება დეპრესიის რისკი გარდამავალ პერიოდში, მაგრამ, სავარაუდოდ, ამაში ჰორმონების მერყეობას მიუძღვის წვლილი. განწყობაზე ასევე მოქმედებს ღამის ოფლიანობა და უძილობა.

რას უნდა ველოდოთ?

ყველაზე მაღალი რისკი აქვთ ქალებს, რომლებსაც დეპრესია ადრეც ჰქონიათ. თუმცა მათაც კი, ვისაც დეპრესია არასოდეს ჰქონია, გარდამავალ პერიოდში დეპრესიის განვითარების ალბათობა დაახლოებით სამჯერ მეტი აქვთ, ვიდრე პრემენოპაუზაში.

რისკს ზრდის ცუდი ძილი, სტრესი, მძიმე ცხოვრებისეული მოვლენები, სხეულის მასის მაღალი ინდექსი, მოწევა და მენოპაუზის ადრეულ ასაკში დადგომა.

ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია საგანმანათლებლო ხასიათისაა და ვერ ჩაანაცვლებს ექიმის კონსულტაციას. დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეთ ექიმთან ერთად.