როგორ ვესაუბროთ ექიმს მენოპაუზაზე
პრაქტიკული რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ, ექიმთან ვიზიტისას ყველა კითხვაზე მიიღოთ პასუხი.
ექიმთან ვიზიტი ხშირად ხანმოკლეა, კითხვები კი ბევრია. ეს რჩევები დაგეხმარებათ, პერიმენოპაუზასა და მენოპაუზაზე საუბრისას საჭირო პასუხები მიიღოთ.
ვიზიტამდე
- აირჩიეთ ექიმი, რომელიც გისმენთ და თქვენს სურვილებს პატივს სცემს.
- მოემზადეთ. ჩამოწერეთ სიმპტომები და კითხვები. ყველაზე მნიშვნელოვანი სიის თავში მოაქციეთ.
- განსაზღვრეთ ვიზიტის მიზანი. მაგალითად: „დღეს იმიტომ მოვედი, რომ ალები მთელი ღამე არ მაძინებს და გაღიზიანებული ვარ. მინდა გავიგო, რა გამოსავალი არსებობს“.
- წაიყვანეთ ახლობელი: მეგობარი ან ოჯახის წევრი, რომელიც მოგვიანებით დაგეხმარებათ ნათქვამის გახსენებაში.
ვიზიტის დროს
- სია ვიზიტის დასაწყისშივე აჩვენეთ ექიმს. შეიძლება მან მნიშვნელოვნად მიიჩნიოს ის, რაც თქვენ სიის ბოლოში ჩაწერეთ.
- ჩაინიშნეთ მთავარი ან სთხოვეთ თანმხლებ პირს, ჩაინიშნოს.
- თუ საუბარი რთულია, სთხოვეთ ნებართვა, რომ საუბარი ტელეფონზე ჩაიწეროთ. ასე ვერაფერი გამოგრჩებათ. შეიძლება ექიმს ეს მოულოდნელი მოეჩვენოს, მაგრამ წინააღმდეგი არ უნდა იყოს.
- გაიმეორეთ, რაც გაიგეთ. მაგალითად: „ანუ თქვენი აზრით, ჰორმონული თერაპია ჩემთვის შესაფერისი არ არის?“
- სთხოვეთ წერილობითი დასკვნა: რა დიაგნოზი დაისვა და რა დაგენიშნათ.
ვიზიტის შემდეგ
- შეინახეთ თქვენი სამედიცინო დოკუმენტები: ანალიზების პასუხები, დიაგნოზები, მკურნალობის გეგმა და დანიშნული მედიკამენტების სია. ჰკითხეთ კლინიკას, როგორ შეგიძლიათ მათი ასლების მიღება.
- თუ ერთ ვიზიტზე ყველა კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეთ, ჩაეწერეთ მეორე ვიზიტზე.
- არ გაწყვიტოთ კავშირი. ჰკითხეთ ექიმს, როგორ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ვიზიტებს შორის, და შეატყობინეთ, როგორ მიმდინარეობს მკურნალობა. მაგალითად: „სამი კვირაა ამ წამალს ვიღებ და ცვლილებას ვერ ვხედავ“.
